პასუხი თბილისის მერს

published: 17 April 2019

მივესალმებით თბილისის მერის, კახა კალაძის გამოხმაურებას ახალგაზრდების გაფიცვაზე და გვსურს, პასუხი გავცეთ ამ განცხადებას:

ჩვენი პროტესტი საკმაოდ კრიტიკული იყო არა მხოლოდ კონკრეტული ეკოლოგიური პრობლემების, არამედ, პირველ რიგში — მისი გამომწვევი პოლიტიკის მიმართ.

მიუხედავად თბილისის მერის ქმედებებისა თუ დაპირებებისა, თბილისს მაინც არაფერი ეტყობა: რეალურად ჩვენ ვცხოვრობთ საცობებით და გამონაბოლქვით, ბეტონით, სიღარიბითა და უთანასწორობით სავსე ქალაქში. აქ რეგულაციები ისევ მხოლოდ რიგით მოქალაქეებს აღარიბებს, დიდი მშენებლობები და ბიზნესები კი ხელუხლებელი რჩება. ეკოლოგიური სამართლიანობა არ არსებობს სოციალური სამართლიანობის გარეშე. ჩვენ არ ვიცავთ მხოლოდ ბუნებას, ჩვენ მოვითხოვთ ცხოვრების ღირსეულ და ჯანსაღ პირობებს ყველასთვის!

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები და „ვინ’მე“ მოვუწოდებთ თბილისის მერს, გამოიჩინოს მეტი ანგარიშვალდებულება ახალგაზრდებისა და საზოგადოების მიმართ, დაანგრიოს კამერებით აღმართული ბარიერი და შეგვხვდეს პირადად, მოისმინოს ჩვენი წუხილები და ჩართოს ახალგაზრდები ქალაქის პოლიტიკის წარმართვაში.

ჩვენ მერს ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოს საჯარო/სატელევიზიო დებატებში, სადაც იგი პასუხს გასცემს როგორც ახალგაზრდა გარემოსდამცველების, ასევე ურბანისტების, ეკოლოგებისა და სხვა სპეციალისტების კითხვებსა და მოთხოვნებს. ამ სახის დიალოგს მივიჩნევთ ჩვენს აქციაზე ადეკვატურ გამოხმაურებად და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერად.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
ვინ’მე

Join Us