„ახალგაზრდა მწვანეების“ განცხადება მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე

published: 15 November 2019

„საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებს“ გვსურს, გამოვეხმაუროთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე ამბებსა და სახელმწიფოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ სიტუაციასა და კონტექსტში „ახალგაზრდა მწვანეები“ სრულად ვუჭერთ მხარს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ვინაიდან ახლა არსებული სისტემა ყოვლად არადემოკრატიულია, რომლის შედეგად პარლამენტი არ ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობებს, აძლევს რა მმართველ პარტიას შესაძლებლობას ადმინისტრაციული რესურსისა და სხვა საარჩევნო მანიპულაციების საშუალებით გაიყვანოს მაჟორიტარი კანდიდატები და შეიქმნას აბსოლუტური უმრავლესობა მაშინ, როცა მისი რეალური მხარდაჭერა შესაძლოა 50%-ს არ აღემატებოდეს. აღნიშნულ პრაქტიკას საქართველოში არსებული ყველა ხელისუფლება ახორციელებდა და ამასვე აგრძელებს „ქართული ოცნება“, რომლის საარჩევნო დაპირება იყო საარჩევნო სისტემის ცვლილება. ამ დაპირებას დაემატა 20 ივნისის ღამის შემდგომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ უკვე 2020-ში მოხდებოდა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რაც ერთგვარი გამოსასყიდი იყო „ოცნების“ ხელისუფლების მიერ 20 ივნისის ღამეს ჩადენილი დანაშაულებისთვის. თუმცა, მიუხედავად ამ დათქმისა ქართულმა ოცნებამ მოატყუა ხალხი და 35 მაჟორიტარის, რომელთა უმრავლესობა ბიზნესმენია — წყალობით აღნიშნული ცვლილება ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ დღეს მომხდარ ამბავსა და აქციას, საქმე გვაქვს იმასთან, რომ ბიზნესმენები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც  პარლამენტში სხედან, აგდებენ კანონპროექტს და ამაში გასაკვირი, სამწუხაროდ, არაფერია. ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე ნაკლებად სასარგებლო იყო აღნიშნული ცვლილების გატანა ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც ასევე ბიზნესმენებითა და იმ ეკონომიკური პოლიტიკის მხარდამჭერებითაა დაკომპლექტებული, რომლებისთვისაც უმნიშვნელოა ხალხის მოთხოვნები, მათი სოციალური მდგომარეობა და მისი გაუმჯობესება. თუ რატომ, ამაზე პასუხი მარტივია — იმიტომ, რომ შეეძლოთ ხუთი კილო კარტოფილის ფასად ხმების მიღება. ამაში „ნაციონალებიც“ და „ოცნებაც“ ერთ მხარეს დგანან.

მიზეზი, თუ რატომ ხდება ის, რაც ხდება, არის, რომ ჩვენ არ გვყავს პოლიტიკოსები. ჩვენ გვყავს პოლიტიკაში ბიზნეს ელიტა და მათი მხარდამჭერები — ლობისტები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა მათი ინტერესები იქნას დაცული. დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არაა იდეოლოგიური ხასიათის, რადგან ამ ნაწილში ისინი ყველაზე კარგად თანხმდებიან. მათი ინტერესი არაა ისეთი ცვლილებების გატარება, რომელიც შეასუსტებს მათსავე ძალაუფლებას და რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს ხელისუფლებაში დაბრუნებას, ლოგიკურია, რომ როგორც მემარჯვენე პოლიტიკური პარტიისთვის (რაც ნიშნავს იმ ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერას, რომელიც მათ პირობებში შეიქმნა და რომელსაც წარმატებით აგრძელებს ბიძინა ივანიშვილი) ნაკლებად სარგებლიანია მსგავსი ცვლილებები. ფაქტობრივად ორივე პოლიტიკური ძალა ორკესტრირებულადაა შეთანხმებული იმაზე, რომ მოთხოვნა, რომელიც გაჟღერდა და რომელიც ხელს უწყობს უფრო სუსტი ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას და აჩენს შანსს, გაჩნდეს რეალური პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული, ხალხის მიერ ქვემოდან შემქნილი პარტიები, არ იქნას დაკმაყოფილებული.

ვინც იცის, როგორ კეთდება პოლიტიკა, ისიც უნდა იცოდეს, რომ თუ გინდა შედეგი, აუცილებელია წინასწარ გათვალო სვლები. ეს მოთხოვნა, მიუხედავად მისი დადებითი შინაარსისა, ოპოზიციის მიერ გამოყენებული იქნა, როგორც საშუალება იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ახლა გარეთ ვხედავთ და ეს მიზანი ხელისუფლებაში დაბრუნება და ზუსტად იმავეს გაგრძელებაა, რასაც „ქართული ოცნება“, ხოლო მანამდე თავად „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა.

ცალკე საკითხია ის, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს სერიოზული მემარცხენე გაერთიანება, რომელიც მოახერხებდა პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას და მონაწილეობას მიიღებდა ამ პროცესში. ამიტომ ჩვენთვის, მემარცხენეებისთვის, დღეს მთავარი საფიქრალია ის, თუ სად ვდგავართ და რას ვაკეთებთ სინამდვილეში. ერთადერთი, ვინც ისევ მოტყუებული დარჩება ამ პროცესებში როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისევე მოქმედი მემარჯვენე ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რა თქმა უნდა, არის ხალხი. რადგან აღნიშნული კანონპროექტის გატანის საკითხი სულ მალე გადაინაცვლებს დღის წესრიგიდან და საქართველოს მოსახლეობა ისევ იმავე არჩევანის წინაშე დადგება, რომელიც ბოლო ათწლეულებია გრძელდება, გააკეთოს არჩევანი არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ  უარესსა და უარესს შორის.

მემარჯვენე, ლიბერალური პარტიების მხარდაჭერის და მათს თამაშში შესვლის მაგივრად ჩვენ, მემარცხენეებმა, უნდა დავისახოთ უფრო დიდი მიზნები, გავერთიანდეთ, ვორგანიზდეთ, ვესაუბროთ, მოვუსმინოთ ხალხს. ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა, თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ვეცადოთ ვუზრუნველყოთ, რომ ხსენებული კანონპროექტი და მის კვალდაკვალ სხვა სოციალური, ხალხის საკეთილდღეოდ მიმართული ცვლილება, ნებისმიერი ხელისუფლების არსებობის შემთხვევაში იქნას დამტკიცებული.

ჩვენთვის, როგორც მემარცხენე სუსტი ძალისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს იდეოლოგიური ნიშნის ქვეშ გაერთიანება. მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო პოზიციაზე ყოფნა. სხვა შემთხვევაში ამ პროცესების გავლენით, ჩნდება სერიოზული საფრთხე, ქვეყანაში მემარცხენე ძალის პოლიტიკურად გარდაცვალებისა.

ჩვენი ყოველი გადადგმული ნაბიჯი, დღეს, ორმაგად უფრო საპასუხისმგებლო და პოლიტიკურია!

 

 

Tags:

Join Us