მწვანეების გამოხმაურება დამანგრეველი ჰესების ახალი კასკადის შესახებ

published: 12 May 2020

სანამ ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადარჩენისთვის იბრძოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ნებართვა გასცა. საპროექტო ზონაში ექცევა როგორც ქალაქი ონი, ისევე რამდენიმე ახლომდებარე სოფელი, რაც აუცილებლად გამოიწვევს, როგორც სოციალურ, ასევე, ბუნებრივ პრობლემებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილი ვითარება, რომელიც უკავშირდება პანდემიას, სამთავრობო ორგანოებმა გამოიყენეს თავიანთ სასარგებლოდ და გაიცა ბრძანება ჰესის მშენებლობაზე. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ონის მოსახლეობამ მრავალჯერ მოაწყო საპროტესტო აქცია, გაავრცელა მოთხოვნები სოციალური ქსელების მეშვეობით და წერილით მიმართა სახელმწიფოს. საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულნი გარემოს დამცველები, სეისმოლოგები და სხვა ექსპერტები, რომლებიც აფრთხილებდნენ სახელმწიფოს ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მიერ გამოწვეულ ზიანზე და შექმნილ რისკებზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, გარემოს დაცვის სამინისტრომ დაჩქარებულ რეჟიმში, საჯარო განხილვის გარეშე გასცა ნებართვა. 

გარდა ონის ჰესების კასკადისა, ხელახლა ამუშავდა „შუახევი ჰესი”, პროექტი ზემო აჭარაში, რომელიც 2017 წელს, ამუშავებიდან ორი თვის თავზე ჩამოიშალა. ამ ჰესის მშენებლობასაც ჯერ კიდევ 2013 წლიდან აპროტესტებდნენ გარემოს დამცველები და ადგილობრივი მოსახლეები, რადგან მეწყერსაშიშ ზონაში მშენებლობა დიდი რისკების შემცველი იყო. ჰესის ამუშავებიდან ორი თვის თავზე პროექტის ფარგლებში გათხრილი გვირაბის ჩამოშლამ გაამართლა კიდეც ეს დამოკიდებულება. დღეს უკვე აშკარაა, რომ მთავრობას არ შეუძლია წარსულში დაშვებული შეცდომებისგან გაკვეთილის სწავლა. მან ეს საბოლოოდ დაამტკიცა იგივე შეცდომის კიდევ ერთხელ დაშვებით.

ჰესების მშენებლობა, როგორც ასეთი, არ არის ცუდი. ის, რასაც ჩვენ ვებრძვით, ეს არის საქართველოში არსებული ჰესების დაუგეგმავი, არაგონივრული და კორუფციული პოლიტიკა, რაც ამ ტექნოლოგიის მხოლოდ დამაზიანებელი მხარეების გამოვლინებას ემსახურება. განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს ჰესის მშენებლობა მთიან რეგიონებს, იგი ცვლის მთლიან ეკოსისტემას და ჩამოყალიბებულ ბუნებრივ პირობებს, ტბორავს დიდ ფართობებს, ცვლის ლანდშაფტსა და კლიმატურ პირობებს,ზემოქმედებს ბიოსისტემაზე და აფერხებს მდინარის ჩამონატანს (ღორღი, ქვიშა და სხვა).

ონის ჰესების კასკადი და შუახევიჰესი სინამდვილეში მხოლოდ მაგალითებია იმ აგრესიული ენერგოპოლიტიკის, რომელსაც ჩვენი მთავრობა დაჟინებულად მისდევს, გარემოს დამცველებისგან და ადგილობრივი მოსახლეობისგან მუდმივი კრიტიკისა და პროტესტის მიუხედავად. როგორც ცნობილია, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს 100-ზე მეტ ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე, დახურულ კარს მიღმა, მოქალაქეების ჩართულობის გარეშე. გადაწყვეტილებები კორუფციულ გარემოებებში მიიღება, ცალკეული პირების ფინანსური სარგებელი კი გარემოს განადგურებასა და დემოკრატიული პრინციპების უარყოფაზე დგას. ამასთანავე, გადაწყვეტილებები ფრაგმენტულია და იშვიათად თუ შეიძლება იქნას გამართლებული ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებითა და ენერგოდამოუკიდებლობით. სახელმწიფოს არ აქვს არც ენერგეტიკული გეგმა, არც ჰიდრორესურსების მართვის გეგმა და ზოგადად, არც ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი გეგმა. შესაბამისად, აშენებული და დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურები ვერ უზრუნველყოფენ ქვეყნის ენერგეტიკული საჭიროებების ოპტიმალურ დაფარვას. 

ვუერთდებით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)-ის მოთხოვნებს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:

    • არ გამოიყენონ შექმნილი კრიზისული ვითარება ჰიდროელექტრორესურსების მაქსიმალური ათვისების ხარვეზიანი პოლიტიკის ფორსირებისთვის;

გარდა ამისა:

    • შეიმუშაონ განახლებადი ენერგეტიკის, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკის განვითარების სისტემური მიდგომა და სტრატეგია;
    • აღმოფხვრან ჰესების მშენებლობის დაგეგმვისა და კომპანიებთან წინასწარი შეთანხმების გაუმართავი და გაუმჭვირვალე პრაქტიკა;
    • უზრუნველყონ ჰესების მშენებლობის პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირების სათანადო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
    • უზრუნველყონ ჰესების პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

Tags:

Join Us