ცირკი ცხოველების გარეშე

published: 05 May 2016

დღესდღეობით, მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ცირკებში ცხოველები მათთვის შეუსაბამო და აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. ყველაზე კეთილმოწყობილ პირობებშიც კი, მათ ბუნებრივი ქცევის გამოვლინების საშუალება არ ეძლევათ. მათი გაწვრთნის მთავარი იარაღი შიში და დასჯაა, რომელიც მრავალი ფარული გამოძიებით არის ნაჩვენები. წარმოდგენებისთვის ,,დასწავლილი’’ ქცევა გამოწვეულია დიდხნიანი და ხშირშემთხვევაში, ძალადობრივი წრთვნით. პატარა ცხოველებს თავიდანვე წრთვნიან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ტკივილის მიყენებით, შიმშილობით, აცალკევებენ სხვა ცხოველებისგან, რაც დამატებითი სტრესია მათთვის.

ატარებენ, გამომწყვდეულნი გალიებში. მოგზაური ცირკების შემთხვევაში, გადასაადგილებლად ცხოველებს პატარა, დახურულ გალიებში დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ყოფნა. დიდხნიანი მგზავრობისას, მათ არანაირ პირობას არ უქმნიან: არ ხდება სანიტარიის ბაზისური წესების დაცვა, ვენტილაცია და ასე შემდეგ. ცხოველები ხშირად სწორედ, გადაადგილების დროს იხოცებიან აუტანელი პირობების შედეგად.

თუმცა, საკითხი მხოლოდ ცუდ მოპყრობასა და ცხოველთა არაბუნებრივ პირობებში ცხოვრებას არ ეხება. რისთვის გვჭირდება ცირკი? რა ღირებულება აქვს მას ადამიანისთვის? რითი მართლდება ზემოთაღნიშნული ქმედებები?

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველების მხოლოდ ადამიანთა მოხმარების საგნად განხილვა არც თუ ისე მართებულად მიგვაჩნია, მივყვეთ ამ ლოგიკას. დღესდღეისობით, ცირკი არ თამაშობს არც საგანმანათლებლო, არც კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან როლს და ამ ცხოველების წამება მხოლოდ, ადამიანის რამდენიმე წუთიან გართობას ემსახურება. რა ღირებულება უნდა ჩამოუყალიბოს ცირკში დანახულმა ცხოველმა ბავშვს? ის, რომ ცხოველები მხოლოდ ადამიანთა გართობისთვის არსებობენ.

ცირკში მომუშავე ადამიანები ხშირად ამტკიცებენ, რომ ცხოველებს იქ კარგად ექცევიან და მათზე ზრუნავენ, თუმცა ბრისტოლის უნივერსიტეტის 2009 წლის მეცნიერული მიმოხილვა ,,რამდენად შეეფერებიან გარეული ცხოველები ცირკის მომთაბარე ცხოვრებას?’’ ამტკიცებს, რომ შეუძლებელია ცხოველთა ქცევისა და კეთილდღეობის სტანდარტების დაკმაყოფილება მოგზაურ ცირკებში. მეცნიერები ასკვნიან, რომ გარეული ცხოველები ყველაზე მეტად ვერ ეგუებიან ცირკის ცხოვრებას.

ვიდეო თუ, როგორ ექცევიან ცხოველებს ცირკებში

ცხოვრების პირობები ცირკში მრავალგვარი სტრესისა და ფრუსტრაციის გამომწვევია, რომელიც აისახება ცხოველთა პათოლოგიურ ქცევაში. ასეთი ქცევები არის მეცნიერულად დადასტურებული ინდიკატორი იმისა, რომ ცხოველს არ აქვს უნარი გაუმკლავდეს იმ საცხოვრებელ პირობებს, რომელშიც იგი იმყოფება. ამ დროს იგი ხშირად ხდება თვითდესტრუქციული, ან აგრესიული სხვა ცხოველებისა, თუ ადამიანების მიმართ, რაც როგორც წესი, მისივე სიკვდილით მთავრდება.

მსოფლიოს გარშემო, ცირკებში ცხოველთა მონაწილეობის სტატისტიკა დროთა განმავლობაში კლებულობს. სულ ცოტა 30 ქვეყანაში არსებობს ნაციონალური, რეგიონული, თუ ლოკალური შეზღუდვები/აკრძალვები გარეული, ან ყველა ცხოველის გამოყენებაზე ცირკებში.

 სახელმწიფო აკრძალვა ნებისმიერი ცხოველის გამოყენებაზე ცირკებში: კვიპროსი, საბერძნეთი, მალტა და ბოლივია
სახელმწიფო აკრძალვა გარეული ცხოველების გამოყენებაზე: ავსტრია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, სლოვენია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, სალვადორი, პანამა, პარაგუაი, პერუ, სინგაპური, ისრაელი და მექსიკა
სახელმწიფო აკრძალვა თითქმის ყველა გარეული ცხოველის გამოყენებაზე: ბელგია, ბულგარეთი და ჰოლანდია
სახელმწიფო აკრძალვა ზოგიერთი გარეული ცხოველის გამოყენებაზე: ჩეხეთი, დანია, ფინეთი, პორტუგალია, შვედეთი და ინდოეთი
სახელმწიფო აკრძალვა ლოკალურ გარეულ ცხოველებზე: ეკვადორი
სახელმწიფო აკრძალვა გარეულ პირობებში დაბადებული ცხოველების გამოყენებაზე: ესტონეთი, უნგრეთი და პოლონეთი
ლოკალური აკრძალვები აქვთ შემდეგ ქვეყნებს: ირლანდია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, კანადა, არგენტინა, ბრაზილია, ჩილე და ავსტრალია.

 


ცირკის მომავალი და ალტერნატივები

როგორც Cirque du Soleil,  Circus Oz და სხვა მრავალი პოპულარული ცირკის მაგალითი გვიჩვენებს, წარმატებისა და ეკონომიკური მოგებისთვის არ არის აუცილებელი გარეულ ცხოველთა გამოყენება.  უნდა აღინიშნოს, რომ ეგზოტიკური ცხოველების გამოყენება თავდაპირველ ცირკშიც არ ხდებოდა და შემდეგ, გაცილებით მომდევნო ეტაპზე მოხდა ამის შემოტანა. ცხოველთა ექსპლუატაციის აკრძალვას თავისი დადებითი სოციალური მხარეც აქვს - იგი გზას უხსნის უფრო მეტ ადამიანს დასაქმდეს ამ სფეროში და ცირკი იყოს მხოლოდ ადამიანების შემოქმედებითი ადგილი.

 

რამდენიმე ცირკი ცხოველების გარეშე

1)      Cirque du Soleil   - შთამბეჭდავი მაგალითი თანამედროვე ცირკისა, რომელშიც არ არიან ცხოველები და ბოლო 30 წლის განმავლობაში არნახულ წარმატებას მიაღწია. დღესდღეობით ის უდიდეს თეატრალურ შოუდ რჩება მსოფლიოში.

2)   Circus Vargas - დაუვიწყარი არტისტული პერფორმანსები აკრობატების, ილუზიონისტების, ჯამბაზების, მოცეკვავეებისა თუ ჟონგლიორების მონაწილეობით.

3)      Circus Oz  - ავსტრალიის საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე ცირკი

 

4)   Cirque Productions

 

ცირკი საქართველოში:
 
ქართული ცირკი დასაბამს  მე-19 საუკუნიდან იღებს. მის ფუძემდებლად კი, რომან გამსახურდია ითვლება. სახელმწიფო დაფინანსება ცირკს ბევრი არასდროს ჰქონია, არც საბჭოთა კავშირის და არც შემდგომ პერიოდში, თუმცა 2004 წელს ის კერძო საკუთრებაში გადავიდა. კონტრაქტის გათვალისწინებით, 10 წელი ამ ნაგებობას პროფილი არ უნდა შეცვლოდა, თუმცა 2014 წელს შენობა კიდევ ერთხელ გაიყიდა და ცირკის დასი უმუშევარი დარჩა.  „ცირკის მოღვაწეთა კავშირის“ დირექტორისა და მისი მოადგილის განცხადებით, არსებობს 12 პატარა ჯგუფი, რომლებიც წარმოდგენებს სხვადასხვა ადგილას მართავენ. ისინი სახელმწიფოს ყურადღებას და ცირკის მსახიობების ატესტაციის დაწყებას თხოვენ. ხოლო, თუ სახელმწიფოს ცირკის შენობის გამოსყიდვის საშუალება არ აქვს, მისცენ მათ ალტერნატიული სივრცე წარმოდგენებისთვის. „ცირკის მოღვაწეთა კავშირის“  დირექტორი ამბობს, რომ ცირკის დასის გაძლიერება ეკონომიკურ მოგებასაც მოუტანს სახელმწიფოს: ,, ახლა მოგვხედონ და შემდეგ, ბიუჯეტში შემოსავალს ჩვენც შევიტანთ''.  (http://www.for.ge/view.php?for_id=40757&bloger_id=22&cat=12)


„ცირკის მოღვაწეთა კავშირის“ განცხადებით:
,,1)არა გვაქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც ძირითადი დასაყრდენია ქართული საცირკო ხელოვნების შემდგომი სრულყოფა-განვითარების თვალსაზრისით.
2) არ არსებობს ( უფრო სწორად გააუქმეს) სპეციალური სასწავლებელი, რომელიც პერსპექტიულ, კვალიფიციურ კადრებს აღუზრდის ქართულ ცირკს.
3) ქართული ცირკის შენობა კარგა ხანია გასხვისებულია და იქ ქართველების გარდა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ცირკის მსახიობები მონაწილეობენ.
4) საქართველოში საცირკო ხელოვნებას დამაკნინებელი, დამცინავი ეპითეტებით მოიხსენიებენ, ხელის შეწყობის მაგივრად მავანნი ხელს გვიშლიან მუშაობაში, ამ მხრივ უნდა დავასახელოთ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია. '' (http://cirkus.ge/)
 
საცირკო დასის მიმართ უყურადღებობის გარდა, დღესდღეობით, საქართველოში ცირკში ცხოველების უფლებების დაცვის მექანიზმის პრობლემაც დიდია. არ არსებობს კანონმდებლობა, ან რაიმე სახის მექანიზმი, რომელიც მონიტორინგს გაუკეთებს და დაიცავს ცირკში ცხოველების უფლებებს. საცირკო დასების ჩამოსვლისას, მთლიანად მათ ეკისრებათ ცხოველებზე ზრუნვა. აგრეთვე, მეორე საკითხია, თავად ცხოველთა მწვრთნელების/მომვლელების უსაფრთხოების საკითხი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაბუნებრივ პირობებში ცხოველებში სტრესი მატულობს, რაც იწვევს აგრესიულ ან თვითდესტრუქციულ ქცევას. ასეთი მაგალითი საქართველოშიც გვქონდა, როდესაც 2014 წელს ლომი მომთვინიერებელს  დაესხა თავს.

ცირკში ცხოველების გამოყენების წინააღმდეგ რამდენიმე აქცია ჩატარდა ბათუმსა და თბილისში. ზამთარში,  რუსეთის საცირკო დასის ,,ლასტა-რიკას’’ სტუმრობისას. ,,ახალგაზრდა მწვანეებმა’’ საპროტესტო/საგანმანათლებლო აქცია მოაწყვეს, . 2014 წელს ცხოველთა დამცველებმა აქცია გამართეს ბათუმის და თბილისის ცირკთან. 2015 წლის 17 აპრილს ცირკის სალაროების წინ თბილისის ზოოდამცველებმა ჩაატარეს აქცია მოთხოვნით ,,ცირკი ცხოველების გარეშე''. არსებობს, ფეისბუქ გვერდი Against Animal Circuses in Georgia ცირკი ცხოველების გარეშე, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე.

თუმცა, მხოლოდ აქციებით ამ პრობლემის გადაჭრა ვერ ხერხდება. აუცილებელია, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს ცირკში ცხოველების გამოყენება. აგრეთვე, სახელმწიფო დაეხმაროს ცირკის დასს და ინვესტიცია სწორედ იმ ადამიანებში ჩადოს, რომლებიც ახალ, თანამედროვე, ჰუმანურ ცირკს შექმნიან, რომელშიც ადგილი აღარ ექნება ცხოველთა ექსპლუატაციას.

და ბოლოს, აპრილში თბილისის ცირკში ,,მსოფლიოში დაუვიწყარი და ერთადერთი’’ გეპარდების შოუ გაიმართა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ როგორ ისწავლა ბალეტი კენგურუმ, ან როგორ გაწვრთნეს გეპარდები...

 

    

გამოყენებული მასალები:

1)      http://animalsaustralia.org/issues/circuses.php

2)     http://www.ifaw.org/international/news/which-countries-have-bestworst-records-banning-animals-circuses

3)     http://www.onegreenplanet.org/animalsandnature/amazing-animal-free-circuses/

4)      http://www.cirkus.ge

Tags:

Join Us