ანას ბაღში ბიზნესი ძალადობრივად შეიჭრა

published: 10 January 2020

დღეს, 10 იანვარს, დილის საათებში, ანას ბაღში სამშენებლო კომპანიამ ტექნიკის შეყვანა დაიწყო, რასაც ვარკეთილელები და, მათ შორის, “ახალგაზრდა მწვანეები”, წინ აღუდგნენ: გადაკეტეს გზა, რასაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

უკვე თვე-ნახევარია, რაც ანას ბაღის დასაცავად ადგილობრივები კარვებით იკავებენ მიმდებარე ტერიტორიას, სადაც კორპუსის უკანონო მშენებლობას აპირებს კერძო მესაკუთრე, რომელიც მუდმივი დაშინებითა და შეჭრით ცდილობს აღნიშნულის განხორციელებას და პროტესტის შეჩერებას. მოსახლეობა მოითხოვს პარკს და მწვანე საჯარო სივრცეს  ბეტონისა და დაბინძურებული ჰაერის ნაცვლად. ისინი კოლექტიური ძალისხმევით ღამეებს ათევენ და მუდმივად მორიგეობენ, რათა არ დაუშვან ტერიტორიაზე შეჭრა და მშენებლობის დაწყება. 

პოლიციამ პროტესტანტები ძალის გამოყენებით გაიყვანა ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან, განსაკუთრებული სისასტიკითა და აქტივობით გამოირჩეოდნენ თავად სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები - როგორც მუშები, ასევე გაურკვეველი თანამდებობის პირები, -  რომლებიც მთელი დღის განმავლობაში, ვიდეო-კამერით მობილიზებულები, ცდილობდნენ, დამცინავი დამოკიდებულებითა და აგრესიული მიმართვებით პროტესტის მონაწილეების გაღიზიანებასა და მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების გაღვივებას.

დაპირისპირებების შედეგად დაჭერილია 11 პირი, მათ შორის არიან როგორც ადგილობრივები, ისე სამშენებლო კომპანია შპს “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” წარმომადგენლებიც. საპატრულო პოლიცია სრულიად უსაფუძვლოდ, ძალმომრეობით, აკავებდა ადგილობრივებსა და პროტესტის მონაწილეებს. 

ჩვეულებისამებრ, ადგილზე გამოცხადნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და, ტრადიციულად, ინტერვიუს მიცემის, ანუ ადგილზე დაფიქსირების შემდეგ დატოვეს მოვლენათა ეპიცენტრი. “ახალგაზრდა მწვანეები” ვემიჯნებით მათ პოპულისტურ აქტებს, რადგან ისინი ემსახურებიან იმ აბსოლუტურად იდენტურ პოლიტიკას, რომელიც ანას ბაღში იჭრება და ადამიანებს ართმევს საჯარო სივრცეს და ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, რომელ სტრატეგიას ამოეფარებიან.

15 იანვარს გაიმართება დაკავებულთა სასამართლო პროცესი. “მწვანეები”, მოსახლეობასთან ერთად, არ ვაპირებთ დანებებას, არა მხოლოდ ანას ბაღში, არამედ ყველგან, სადაც მსხვილი ბიზნესის ინტერესი ადამიანების კეთილდღეობას უპირისპირდება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ანას ბაღში, დიღმის ტყეში, რუსთავში, ბათუმში, ოქროს უბანში და არა მხოლოდ!

Join Us