აქტივიზმი და აქტივიზმი

published: 20 February 2020

ვანო მერაბიშვილის მესიანურმა გამოსვლამ პირადი ისტორიების დიდი კორიანტელი დამიყენა თავში. გამომძიებლებთან დაკითხვაზე მჯდომი ჩემი თავი გამახსენდა, როგორ უსუსურად გამოიყურებოდა ჩემი სიმართლე, ჩემი მეგობრების სიმართლე იმ სისტემასთან, რომელსაც უკვე ალტერნატიული ისტორია ჰქონდა შექმნილი. ჩემი თავი გამახსენდა პროკურორთან, რომელიც ჯიუტად მთავაზობდა სისტემის ვერსიას, მე კი ბრაზმორეული ცრემლებით ერთსა და იმავეს ვამტკიცებდი, სიმართლეს. ჩემი თავი გამახსენდა, 2011 წელს სახლში ახალდაბრუნებული აქციიდან, რომ უყურებს, როგორ კლავენ ცემაში ხალხს, მეგობარს რომ ურეკავს, პოლიციელი პასუხობს და დასცინის ,,იცი შენი მეგობარი სადაა? ვხმარობთ!”.

ახლა კი დავუბრუნდები დღევანდელ დღეს და იმ ,,აქტივისტურ’’ რამდენიმე თვეს, რომელსაც აქტივისტურ „ბუშტში” ვატარებ.

 

გამარჯობა, მე მიშო ჯიბლაძე ვარ და არ ვარ აქტივისტი!

დღევანდელი ხელისუფლება რომ ვანო მერაბიშვილის ხელისუფლების ,,ღირსეული’’ ჩამნაცვლებელია და იგივე წარმატებით აგრძელებს იმ ძალადობრივი სისტემის გაძლიერებას, რომელიც “ნაცებმა” შექმნეს, ეს უკვე ახალი ამბავი არ არის. ახალი ამბავია ის, რომ ეს სიტყვები არაპოპულარულ ტრენდად იქცა.  მედიაში აქტიურად ვუყურებთ, როგორ იბრძვიან აქტივისტები პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველანი ერთის წინააღმდეგ დგანან და ერთიანი უზარმაზარი რესურსით ქმნიან მეინსტრიმული აზრის ილუზიას, რომ მთავარი ბრძოლა მათია. თუ არ იბრძვი მათთან ერთად ,,ქოცი ხარ’’ ან გოიმი, რომელიც ,,ნაცებთან’’ ერთად არ დგას.

რა ხდება კამერების უკან?    

კამერების უკან მევახშეები პოლიციასთან ერთად ხალხს სახლებიდან ყრიან.  მაგრამ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს სადარბაზოების პიკეტირებას და ხალხის დაცვას სისტემისგან, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ჰუმანური იდეა. ამ ადამიანების ჯგუფს არ უდგას უკან პოლიტიკური პარტია და არც პოპულარული ,,აქტივიზმის’’ მედია-სახეები. მაგრამ ისინი ახერხებენ და მაქსიმალურად უშლიან ხელს ადამიანების ქუჩაში გაყრას.

საჯარო სივრცეების მიტაცება და რესტორნის, ცათამბჯენის და სხვა ,,სიკეთეების’’ შენება. მინიმალური რესურსით გაკეთებული კამპანიები, რომლითაც ცდილობ ადამიანებამდე მიიტანო ის პრობლემა, რომელიც რეალურად უცვლის ცხოვრებას უარესობისკენ. ყოველდღიურად აწყდები ნიჰილიზმს და უსუსურობის განცდას, რომელიც ხალხში ვირუსივით ჩანერგა პოლიტიკურმა და ბიზნეს ელიტამ. 

 არის წარმატებებიც — მინიმალური რესურსით მაქსიმალურზე ოდნავ მეტი შედეგის დადება.

მაგრამ რის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი?

დაიწყებ მუშაობას, კარგად წაიყვან კამპანიას და რა ხდება? ჩნდებიან პოლიტიკური სისტემის „ჭიები” შენ გარშემო და იწყებენ იმ ღირებულებების ჭამას, რომლის გარშემოც აეწყო ყველაფერი. პარტიული ჭიები გაქებენ, მოსწონხარ და იწყება ვაჭრობა. ვაჭრობა იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს ესა თუ ის ბრძოლა მათი. რატომ უნდა გახდეს? იმიტომ, რომ ის მანქანაა შენ — არა. მისი რესურსი ამოუწურავია, შენი ამოწურვადია. მანქანა არ იღლება — შენ იღლები. მანქანა არ განიცდის, შენ განიცდი. ვაჭრობაში ყოველთვის გიგებენ, რადგან ეს მათი საქმეა. ვაჭრობა ადამიანებით, ღირებულებებით და ყველაფრით, რითაც არ შეიძლება ივაჭრო.

მანქანისთვის შენ აქტივისტი ხარ. ქეციანი ძაღლი, რომელიც ქუჩაში უნდა დარბოდეს და თავს ურტყამდეს კედლებს, ქმნიდეს შინაარსს, აზრს და შემდეგ ამ ყველაფერს პოლიტიკური სისტემის გასაძლიერებლად იყენებდეს. დღეს პოლიტიკური სისტემა  ჩვენზე ძლიერია. ჩვენ გავიკრიფეთ და გაკრეფილები ვცდილობთ რეალობის შექმნას ილუზორულ სამყაროში, რომელიც პოლიტიკურმა სისტემამ შექმნა.

პოლიტიკურმა სისტემამ ხელისუფლებაში, ოპოზიციაში და აქტივიზმში შექმნა ტრენდი და შექმნილი ტრენდით დამალა მთავარი პრობლემები. 

გაკრეფილი კი აღმოაჩენ, რომ ვეღარ ამბობ სიმართლეს. ვეღარ იხსენებ ნაციონალურ მოძრაობას, ვეღარ იძახი, რომ შენი ღირებულებების მტრებთან ერთად ვერ იბრძოლებ, რადგან ამ ბრძოლაში ისევ შენ მარცხდები და იკრიფები.

გიწევს ბრძოლა არა მარტო ხელისუფლებაში მყოფებთან, გიწევს ბრძოლა ძლიერ სისტემასთან, რომელიც ხელისუფლებას ერთი შეხედვით შენზე აქტიურად ებრძვის.

ამიტომ დგები არჩევანის წინაშე. იყო ზედაპირული, კამერებზე თამაშზე ორიენტირებული,  ფეხებზე დაიკიდო ყველა ღირებულება. იყო მუდამ ზედაპირზე და მონაწილეობა მიიღო გაურკვეველ ბრძოლაში, რომელიც  სიკეთის მომტანი არასდროს გახდება.

თუ გააგრძელო შენი საქმიანობა პარტიული ბიზნეს-სისტემის წინააღმდეგ და ისმინო ჩიჩინი იმის შესახებ, რომ ხარ ,,გოიმი”, ,,უჭკუო”, ,,ქოცი” ან ,,ნაცი” მებრძოლი, რომელიც ებრძვის ყველას, ვინც სახლიდან ასახლებს, ჩვენს ტერიტორიებზე აშენებს, ბოლს უშვებს და გვაბრუებს, ანტი-ჰუმანურ წესრიგს ამყარებს. შემდეგ საკუთარ თავს საკუთარი თავითვე ცვლის ხელისუფლებაში, ოპოზიციაში და აქტივიზმში და გაყენებს ისევ იგივე არჩევანის წინაშე, რომლის წინაშეც უკვე იყავი.

ერთხელ ეთერში ლეიბორისტებზე ხუმრობით ვთქვი, მემარცხენე ძალა არ არის-მეთქი. ჩემ წინა სტუმარმა (“სირცხვილია”-ს აქტივისტმა) მემარცხენე ძალა, როგორც ლეიბორისტები მოიხსენია ბევრჯერ. ვერ მოვითმინე და მას ვუპასუხე. მათ ხომ ლეიბორისტები აწყობთ მემარცხენეებად, რათა ხალხს მემარცხენეობა სასაცილო ეგონოს. მემარცხენეობა შალვა ნათელაშვილი ეგონოს. მემარცხენეობა ფულზე გაყიდულობა ეგონოთ... გავბრაზდი და ვუპასუხე.

მეორე დღეს ლეიბორისტებმა პოსტ-პოსტ ატარეს ჩემი სურათი და ლაშა ჩხარტიშვილი აწყნარეს, ლაშა, შენ სახალხო არტისტი ხარ, ეგ არავინო. ლაშაც ქარიზმატულად ირგებდა სახალხო პრო-მწვანე ლეიბორისტის როლს. მეცინებოდა, მაგრამ სასაცილო არ არის. იცით ლაშა ჩხარტიშვილი რამდენი წელია აქტივისტია? 

კი, ლაშა ჩხარტიშვილი აქტივისტია - მე არა. მოდი, ასე დარჩეს.

ლეიბორისტები არიან მემარცხენეები - ჩვენ არავინ. მოდი, ესეც ასე დარჩეს.

ნახვამდის. მე ვარ მიშო ჯიბლაძე და ჯიუტად მჯერა თქვენი და საკუთარი თავის მემარცხენეებო. 



მიშო ჯიბლაძე

ფოტო © ედო მჟავანაძე

Join Us