„თავისუფლება“ და პირღებინება

published: 04 June 2019

ბრაზი – მინდა, ბრაზზე ვილაპარაკო. რადგან მთელი ჩემი ცხოვრება გაბრაზებული ვარ, ბოლო ერთი წელია კი შევწყვიტე ამ ბრაზზე საუბარი დიადი „ერთიანობის“ არდასაზიანებლად. ჩვენ, ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ვმუშაობთ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან, ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპით ვხელმძღვანელობთ — თუ შველა არ შეგვიძლია, არ უნდა დავაზიანოთ მაინც. იგივე პრინციპით ვხელმძღვანელობდი აქტივიზმშიც, თუმცა ახლა ვხვდები, რომ იმდენი რამ მაქვს ამოუთქმელი და იმდენად ვცდილობდი, არ დამეზიანებინა რაღაცები, უკვე მე თვითონ ვზიანდები. ფაქტი კი ისაა, რომ უამრავი გამოუთქმელი ბრაზი მაქვს, რომელიც მახრჩობს და — კიდევ უფრო უარესი, როცა ამ ბრაზზე ვიწყებ საუბარს მაჩუმებენ იმის გამო, რომ მე შეიძლება რაღაც საერთო დიადი სიკეთე დავაზიანო. თუმცა, არავინ მეუბნება სად წავიღო ის ბრაზი რომ 2013-ში 20 ათასი გავეშებული ბრბო მომდევდა მოსაკლავად. მერე პოლიციამ ავტობუსებში ჩაგვყარა და ზემო ფონიჭალაში დაგვაყუდა ფანჯრებამოქოლილ ავტობუსებში, თვითონ კი წრე შემოგვარტყეს და თან ხან ფოტოებს გვიღებდნენ, თან არც გადმოსვლის საშუალებას გვაძლევდნენ 40 გრადუს სიცხეში.

სად წავიღი ის ბრაზი, რომ 2017 წლის 17 მაისს ვოლიერებით აგვიყვანეს კანცელარიასთან და თან გვაშინებდნენ რომ 15 წუთში უნდა მოვათავოთ აქცია, თორემ ფაშისტები დაიძრნენ და მალე დაგვარბევენო. ასევე ცხოველებივით ჩაგვყარეს მანქანაში და ქალაქის გარეუბანში ჩამოგვყარეს 10-10 მეტრის დაცილებით ქალები და ტრანსები ისე, რომ არ გაითვალისწინეს, რომ ყველამ იცოდა რაც ხდება მაგ დღეს და ასე ჩვენი ჩამოყრა საშიში იყო. სად წავიღო ის ბრაზი, რომ იმ წელს სახელწიფომ ყველას თვალში შეასრულა ვალდებულება და „დაგვიცვა“ მაშინ, როცა მე და ქვიარ თემის რამდენიმე წევრი ჩამოგვყარა სადღაც სანზონაში, სადაც ადგილობრივები გამოგვეკიდნენ მოსაკლავად და სასწაულებრივად გამოვასწარით  მხოლოდ იმის გამო, რომ ტაქსისტმა ჩაგვსვა მანქანაში და გამოგვარიდა იმ სივრცეს.

სად წავიღო ის ბრაზი, რომ წინა წლის 17 მაისს ჩვენმა „მხარდამჭერებმა“ ჩაგვანაცვლეს და ძირითადად ეს იყვნენ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული ადამიანები, რომლებსაც მანამდე ძალიან მყარად ვემიჯნებოდით. გაგვაჩუმეს და დღემდე გვაჩუმებენ, თითქოს მათ უკეთ იცოდნენ რა გვჭირდება, თითქოს ჰომოფობია მათ უფრო ეხებათ, ვიდრე ქვიარ თემის წევრებს.  ქვეშაჯვიები და მშიშრები გვეძახეს, კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს საკუთარ თავს და ლიბერალურ საზოგადოებას თუ როგორი კაი ტიპები და პროგრესულები არიან, შემდეგ კი მშვიდად დაუბრუნდნენ თავიანთ მაღალანაზღაურებად სამსახურებს და ჰეტეროსექსუალურ ცხოვრებას.

სად წავიღო ის ბრაზი, რომ ფარისევლობა და ტყუილი მგონია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრის „მხარდაჭერა“ იმიტომ, რომ პოლიტიკოსების ბრძოლის არეალი პარლამენტია და ჯერ არც ერთი მათგანისგან მომისმენია ტრიბუნიდან ჩვენი მხარდაჭერა. რა ვქნა, რომ არც „გირჩის“ მჯერა, რომელიც მეუბნება, რომ თურმე გეი ქორწინება მისაღებია, მაგრამ ანტიდისკრიმინაციული კანონი არ გვჭირდება, რომელიც სინამდვილეში ის მინიმალური ბერკეტია, რითაც შემიძლია, თავი დავიცვა. თურმე სანამ ხელით არ შემეხება, ჰომოფობიური ბულინგი მისაღებია, ვინაიდან ეს მისი სიტყვის თავისუფალი გამოხატულების უფლებაა.  რა ვქნა, რომ ფარისევლობაა ჩემთვის, როცა ქორწინების უფლებას მრთავენ მაშინ, როცა ახალგაზრდები წელში წყდებიან, სწავლას თავს ანებებენ და შავ მუშებად იწყებენ მუშაობას და რომლებსაც სიზარმაცეს აბრალებენ, რახან ღარიბები არიან. არ მჯერა კაბინეტებში მსხდომი კაცების, რომლებიც მეუბნებიან, რომ მოსაწევი უნდა იყოს ლეგალური, მაგრამ სარეაბილიტაციო დაწესებულებები უნდა იყოს კერძო და თუ ფული არ გაქვს განწირული ხარ.

რა ვქნა, რომ არც მმართველი პარტიის მჯერა, რომელიც ჩემს გადასახადებში გადახდილ ფულს თავისი პროგრესულობის დასამტკიცებლად ღამის ეკონომიკას ავითარებს და ამ დროს მე ფული არ მაქვს, რომ თვიდან თვემდე ვალების აღების გარეშე წამლები ვიყიდო იმისთვის, რომ ფუნქციური ვიყო. ფარსი მგონია, როცა გარეთ გამოსული მომწამვლელი ჰაერით ვიგუდები მაშინ, როცა ტურისტები თვალებგაბრწყინებულები მელაპარაკებიან, თუ როგორ განვითარდა საქართველო, რომელსაც სინამდვილეში ეგზოტიკად აღიქვამენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე არსებული უნიკალური ქვეყანა ვართ, ჩვენს ღვინოსაც არაუშავს.

რა ვქნა, რომ გული მერევა პოლიციაზე და არც გახარიას ბოდიში მშველის მაშინ, როცა ერთი წლის წინ ხელჯოხებით მოგვდევდნენ წერეთელზე და კარტოფილის ტომრებივით გვისროდნენ ადამიანებს მოაჯირებს იქით. როცა, რომ არა ეგ მოაჯირები, ჩემს ოჯახის წევრებსაც ისევე მოიტაცებდნენ იმ ღამით, როგორც ოცამდე ახალგაზრდას. რა ვქნა, რომ არ მჯერა და ჩემთვის შეურაცხმყოფელი და ფარისევლურია, მაგ პოლიციამ და სპეცრაზმმა დამიცვას, რომელიც ერთი თვის წინ კერძო საკუთრებას იცავდა პანკისში, ადგილობრივებს დაერია და ომი გამოუცხადა. იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი მომავალი აღელვებს, სპეცნაზი მიუსია. ეკონომიკისა და ენერგეტიკის განვითარების სახელით საკუთარი მოქალაქეები დაარბია !!!

რა ვქნა, რომ არ მინდა მაგ ბარიკადებს იქით დგომა. რა ვქნა, რომ მესირცხვილება, რომ მაგ პოლიციამ დამიცვას იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, თავისუფალ დროს ეგ პოლიცია გვაგინებს და თუ ზემოდან ბრძანება წამოვა ისევე გაგვისწორდებიან, როგორც პანკისელებს. რა ვქნა, რომ არც იმ „საერთოს“ არდაზიანების ნაწილი მინდა ვიყო, რომელიც მაჩუმებს, როდესაც ვამბობ, რომ მოძველდა და ვერც პრაიდები გვიშველის და ვერც 17 მაისები. რა ვქნა, რომ ამ წერილზეც დამაჯვამენ და მიწასთან გამასწორებენ ადამიანები, ვინც პლეშკაზე არ ყოფილა, ტრანსიც* მხოლოდ  რომელიღაც კონფერენციაზე უნახავს — ლამაზად დავარცხნილი და საპატიო კონფერენციაზე მოწვეული.

„ერთი ტრანსი თუ შეიძლება სტუდიაში“

„ორი გეი და ერთ ლეზბიანკასაც დავუძახოთ ინკლუზიურობისთვის. ბისექსუალები არ გვინდა, არ გვაქვს ამდენი ადგილი“.

რა ვქნა, რომ არც აქტივისტების უსაფუძვლო გულუბრყვილობის მჯერა, რომლებიც მეუბნებიან, რომ ახლა თურმე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ინსტრუმენტად პოლიტიკოსები, მაშინ, როცა მსგავსი პრეცედენტი არასდროს ყოფილა და მეტსაც გეტყვით — შანტაჟის და დარბევების გამოცდილება ბლომად გვაქვს ორივე ხელისუფლების მხრიდან.

რა ვქნა, რომ ყელში ბურთი მეჩხირება, როცა ჩემივე თემის წევრებისგან მესმის, რომ შიდა გარჩევებზე ხარჯვის დრო არაა და საერთო სიკეთეს უნდა მივხედოთ.

„საერთო სიკეთე....“

რომელ საერთო სიკეთეს? რომელზეც არავინ არაფერი მკითხა და რომელსაც მხოლოდ რიცხვად თვლადად ვჭირდები, რომ დროშა დავიკავო?

რა ვქნა, რომ მე ვერ ვხედავ ამ საერთო სიკეთეს. რა ვქნა, რომ არ მინდა არც ნათლების და არც ბნელების მხარეს ყოფნა და გული მერევა ამ დაყოფაზე. რა ვქნა, რომ მთელი ეს ყველაფერი ფარისევლობა მგონია. რა ვქნა, რომ არცერთგან აღმოჩნდა ადგილი ჩემი ხმისთვის საერთო სიკეთის სახელით.

ხვალაც იგივენაირად გავიღვიძებ და დილით გულს ავირევ ამ რეალობაზე, სადაც მარგინალი და სრულიად მარტოდ მყოფი ქვიარი ვარ,  რომლის ადგილი აღარსადაა. ამასობაში კი ვიღაცები დროშებს გაშლიან, სახელმწიფოც პლიუსებს დაიწერს, გირჩები და „მხარდამჭერები“ თავიანთ პროგრესულობას დაამტკიცებენ — მე კი განვაგრძობ წამლის საყიდლად ვალების აღებას და რწყევიდან რწყევამდე ცხოვრებას. ამასობაში ისიც უნდა მოვიფიქრო, სად წავიყვანო თემის უსახლკარო და ნაცემი წევრები, რომლებსაც ქამინგაუთის გამბედაობა არ ყოფნით და მათი ადგილი არც ნათლებშია და არც ბნელებში.

 

დიდი მადლობა,
პატივისცემით და დიდი სიყვარულით,
ირა სილანტევა

 

 

აღნიშნული მოსაზრება ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების ოფიციალურ პოზიციას.

 

Join Us