თავისუფლება

published: 15 November 2019

დილით იღვიძებ და ბანკში მიდიხარ, რომ გაზრდილ სესხზე ხელშეკრულებას მოაწერო ხელი — „გილოცავთ, შემდეგი ოთხი წელი თქვენ ყოველ თვე ქართული პენსიის ოდენობის თანხას გადაუხდით ბანკს“, მომღიმარი სახეებით გატყობინებენ — „პირველი წელი მხოლოდ ბანკის პროცენტს დაფარავთ და მერე აღებულ ვალს.“

ბედნიერი გამოდიხარ ბანკიდან. შენ თავისუფალი ხარ, რომ დაფარო სესხი.

გილოცავთ.

სიამაყით აღვსილი ჩამოუყვებით ქუჩას და ხელგამოწვდილ მათხოვრებს, პენსიონერებს გადახედავთ და გონებაში გაიფიქრებთ, რომ ძალიან, ძალიან ბევრს იშრომებთ და რომ დაბერდებით ასე აღარ იქნებით, თავი რომელიღაც წარმატებული ფირმის აღმასრულებელ დირექტორად წარმოგიდგენიათ და კი — ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაძლევთ, რომ ბოლომდე დაიხარჯოთ, რამდენიმე ღამე გაათენოთ, რომ უფროსობას დაანახოთ როგორი მონდომებული ხართ და ისინიც, რა თქმა უნდა, დაინახავენ. თავზე ხელსაც გადაგისვამენ, მაგრამ შეგახსენებენ, რომ დანაკლისი აქვთ, რომელიც თქვენი ხელფასიდან უნდა აანაზღაუროთ. აბა, კომპანია წაგებაში ხომ ვერ წავა? თქვენ ხომ დიადი იდეის ნაწილი ხართ — გუნდურობის! თქვენც მომღიმარი სახით გადაიხდით და შემდეგი ნახევარი თვე მეორეხარისხოვანი პროდუქტებით გამოიკვებებით. ეს ნახევარი თვე კი შეიძლება მთელ ცხოვრებად გაიწელოს. კიდევ ერთხელ ჯიუტად გაიფიქრებთ, რომ თავისუფალი ხართ და თუ მოგინდებათ, წამოხვალთ სამსახურიდან, სხვას ნახავთ. ოჰ, ეს თავისუფლება, რა ტკბილია, როგორი კმაყოფილება მოაქვს ხოლმე, ძვალ-რბილში ატანს, სიამოვნების თრთოლვას ჰგვრის და სიამაყით ავსებს...

თავისუფლება!  ოდა თავისუფლებას!

გულისრევამდე მისული ტყუილისა და პურის ფულის ხურდებად გადათვლილი ბავშვობის წლების სუნი აქვს ამ თავისუფლებას. „გარბუშკაზე“ მარილიანი, გახეხილი ნივრის სუნს გაგონებს, კუჭის მოსატყუებლად თუ გამოდგება და თან გრიპის ვირუსისგანაც გიცავს. როგორები ვართ მაინც ყველაფერში რომ დადებითს ვეძებთ...

თავისუფლებავ, როგორი ტკბილი ხარ! როგორც ძვალ-რბილში გამჯდარი ალკოჰოლი, ცეროზიან ღვიძლს რომ შლის, ტვინს კი ატყუებს, გააბრუებს, უწამლოდ გმკურნალობს. თავისუფლება ხომ ისეთია ყოველთვის რომ მიილტვი მისკენ, თუმცა, ვერა და ვერ აღწევ. საავადმყოფოს სარეცელზე თვალს დახუჭავ და გრძნობ, რომ ტყუილად არ გიცხოვრია, სადღეგრძელოსავით არის ღმერთს და ქალებს რომ ადიდებს — ჰაერში გატყორცნილი გაფრენილი სიტყვასავით. მაგრამ როგორ სიამაყით აღგავსებს იმის განცდა, ტყუილი არ ყოფილა ცხოვრება...

თავისუფლება... ო, ეს თავისუფლება, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მშიერი წევხარ, ჭერს შეჰყურებ... ჰო, ტყუილად არ გაუვლია ცხოვრებას, თავისუფალი ხარ. რომელიღაც ფოლოსოფოსის სიტყვები გახსენდება, რომ ციტირებს: „საკონცენტრაციო ბანაკში ებრაელსაც კი აქვს თავისუფალი ნება, ვიდრე შეუძლია აირჩიოს, რომ თავი მოიკლას“.  გრძნობ ამ თავისუფლებას იმ ნაღველივით კუჭიდან რომ ამოგდის, იმ სისხლიანი ნახველით წლობით ნაწევი ასტრის გემო რომ ამოაქვს და უკვე მომპალ კბილებში გრძნობ, როგორი თავისუფალი ხარ იმისთვის, რომ გადააფურთხო ეს ნახველი ანდა უკან ჩაყლაპო და წუთით მაინც დაადუმო მშიერი კუჭი.

ჰოდა ასე, ამ ჩაკეტილ წრეში ტრიალებ მაგრამ მთავარია, გჯერა — თავისუფალი ხარ. შეგიძლია აიღო შენი ფერადი დროშა და ააფრიალო. კი, ეს შენ ხარ.  შენ არსებობ, რაღაც დროით მაინც, თუნდაც სულ ცოტა ხნით — გხედავენ... გაღიარებენ... წლობით უნახავ საყვარელს ჰგავს თავისუფლება, რომელსაც ერთი საათით ხვდები... რომელსაც ელოდი წლები და ისიც მოვიდა, დაჩიავებულ სხეულზე რომ შემოგხვიოს თბილი ხელები და გაგრძნობინოს — მაინც უყვარხარ.

როგორი ტკბილია თავისუფლება. მანდ ხვდები, რომ ყველაფერს გაიღებ მისთვის, სხეულს და სიცოცხლესაც. ეს არის, ამას ეძებდი, ყველაფერი გავიწყდება. ის რაღაც დიადი იდეის ნაწილია, დაროზგილ ზურგზე მალამოსავით გედება და უძალობას გავიწყებს. ყველაფერს რომ გაგაწირინებს და გმირად გაგცევს, რომელსაც მერე ორი საათით ეთაყვანებიან თბილ ლოგინში გამომწყვდეული ძვირფასი გვამები. და მერე რა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო,  ეს ორი საათი ხომ ამოწმებს შენს არსებობას.

 გიხარია, არსებობ, გაღიარეს იმ ადამიანებმა, რომლებიც წლებია ეკრანებიდან არ ჩამოსულან, იქნებ კიდევ მეტიც თქვან, მაგრამ შენი თავისუფლების ქვიშის საათში, უკანასკნელი მარცვალიც ჩაიცალა. ახლა კი ნახვამდის, ახლა ისევ თავიდან უნდა დაიწყო, ისევ გაბრუვდე, ისევ გააკეთო „არჩევანი“ უკანასკნელი ხურდებით პური იყიდო თუ სათამაშო კაზინოებში მოციმციმე სათამაშო აპარატები გამოკვებო. იხადო მუდმივი ხარკი სისტემისთვის იმ იმედით, რომ კიდევ ერთხელ შეძლებ შენი დიდების ქვიშის საათის ამობრუნებას.

ასეთი სუნი აქვს თავისუფლებას. ასეთად გარდავქმენით მისი იდეა.

იგი რაღაცით უძალობას ჰგავს. სულ თავს გახვევია, ზოგჯერ გრძნობ, ზოგჯერ ვერა. თუმცა კი იცი, რომ არსებობს. მას ყოფიერების სუნი აქვს, რომლითაც გაჟღენთილია უფანჯრებო ბინა. კედლებზე მოდებული ჭვარტლის გემო. მის სხეულს იმ მიწის სიმძიმე აქვს, რომელშიც მისთვის მებრძოლი ადამიანების სხეულები ჩაასვენეს. მაგრამ მათი სიცოცხლეც არ აღმოჩნდა საკმარისი იმ პროცენტების დასაფარად, რომლითაც სისტემა თავისუფლებას ყიდის. ყიდის ჩვენზე, შენზე და ჩემზე. ესაა დანაზოგი, რომელსაც საკუთარი სისხლით, წვეთ-წვეთობით ვავსებთ, დაუსრულებლად.

 

 

 

და აჰა, ოდა „თავისუფლებას“.

ცრემლებით გეგებები და გწირავ ჩემს სხეულს,

სადღეგრძელოებში მოგიხსენიებ, თაყვანს გცემ,

შენ წინაშე მუხლებზე ვეცემი ხელებაპყრობილი!

დიდება თავისუფლებას!

დიდება თავისუფლებას!

დიდება სისტემას!

...მაპატიეთ, ბოლო წამომცდა.

 

 

ბლოგის ავტორი: ირა სილანტევა

 

 

Tags:

Join Us