რატომ არ გვჭირდება ფრაიდი (გიორგი ფცქიალაძის ბლოგი)

published: 19 March 2019

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იმის საპასუხოდ, თუ „მემარჩხენე ქვიარები“ რას ამბობენ, დაწერა — „არ აქვს მნიშვენლოვბა ვინ რას ამბობს წელს“ — აუცილებლად მიმაჩნია, გაჟღერდეს მემარცხენე ქვიარების პოზიცია და ბლოგში შევეცდები, ჩემი, მემარცხენე ქვიარის, პიროვნული დამოკიდებულება გამოვთქვა თბილისი ფრაიდთან დაკავშირებით.

სექსუალობა და გენდერი ჩემი ერთადერთი „იდენტობა“ არ არის და მე, როგორც ყველა ინდივიდი, მრავალი, არჩეული თუ თავსმოხვეული, იდენტობებისგან შევდგები, მაგრამ არც ეს რომელიმე კონკრეტული იდენტობა ვარ. „თუმცა, იდენტობის პოლიტიკის თანახმად, ჩვენი მრავალი იდენტობიდან არსებობს ერთი, რომელიც ჩვენ განგვსაზღვრავს ან, სულ მცირე, დომინირებს ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში“,1 რასაც არაფერი მოაქვს, გარდა საზოგადოების მეტად დაქსაქსვისა და არსებული, ლიბერალური, უკიდურესად ინდივიდუალისტური სისტემის კვლავწარმოებისა. ასე მოხდა დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, სადაც აღნიშნულმა მიდგომამ გამოიწვია მოსახლეობის დაყოფა, ჯგუფებს შორის სოლიდარობის გაქრობა, რეალური, საყოველთაო პროგრესის გზიდან გადახვევა. ეს იმის გამო, რომ ერთი იდენტობის ქვეშ გაერთიანებულმა ჯგუფებმა დაიწყეს ზრუნვა და ბრძოლა მხოლოდ საკუთარი უფლებებისთვის. შესაბამისად, ხალხი, როგორც ერთობლიობა, გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან და ჩანაცვლდა ხალხებით. ლიბერალური მიდგომისას აქცენტი, ძირითადად, კულტურულ ჩაგვრებს ეხება, რომლებიც, დიახ, არსებობს, თუმცა მათი დასრულება ეკონომიკური ჩაგვრების გაქრობის გარეშე შეუძლებელია. ასევეა პირიქით. ყველანაირი საუბარი თავისუფლებაზე აბსურდული და ილუზორულია, თუ პარალელურად არ იქნება მოთხოვნილი ინდივიდის ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ძლიერი სოციალური სიკეთეები — უფასო, ხელმისაწვდომი ჯანდაცავა, განათლება, საბინაო პოლიტიკა, დაცული შრომა და ა.შ — სახელმწიფოს მხრიდან მასზე მაქსიმალური მზრუნველობა. მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ქვიარ საკითხები და ის სპეციფიკური პრობლემები, რაც თემს აწუხებს, გვერდზე უნდა გადაიდოს და მოიცადოს, სანამ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ამ დამოკიდებულებას ხშირად მოისმენთ ზოგი მემარცხენე აქტივისტისგან, რაც არასწორი და შეფარულად ჰომოფობური და ტრანსფობიურიც კია.

მიუხედავად ამისა, ფრაიდის უარყოფაში იდენტობის პოლიტიკის კრიტიკა არ არის ერთმნიშვნელოვნად მთავარი ღერძი, თუმცა მისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია. ასევე, რა თქმა უნდა, პრაიდის კონცეფციის კრიტიკასაც არ დავიწყებ, თუ როგორ დაკარგა მან საპროტესტო და სოციალური მუხტი იქცა რა კომერციალიზებულ, გასართობ დღედ, რომლითაც მსხივლი კორპორაციები ბევრ ფულს შოულობენ, ხოლო თემისთვის აღარაფერი იცვლება. თანაც ეს დასავლური კონტექსტია და სრულად არ შეესაბამება ქართულ რეალობას. კონტექსტი და ადგილობრივი სიტუაციის აღქმა კი უმნიშვენლოვანესი რამაა, ეს უკანასკნელი კი, ვფიქრობ, ძალიან აკლიათ პრაიდის ორგანიზატორებს. დიახ, 2019 წლის თბილისი 1969 წლის ნიუ-იორკი არ არის, აქ არ მოხდება სტოუნვოლის აჯანყება, რომელიც „თბილისის ფრაიდისგან“ განსხვავებით ქვემოდან, ქვიარ თემის რიგითი წარმომადგენლებიდან დაიწყო და არა რამდენიმე აქტივისტისგან. წესით, გასული წლის მაისის მოვლენების შედეგად ეს გაკვეთილი უნდა ესწავლათ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდა.

მოკლედ რომ აღვწეროთ ადგილობრივი კონტექსტი არის შემდეგი: ერთი მხრივ, არსებობენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები (მომაკვდავი ქართული მარში, პატრიოთა ალიანსი, სხვადასხვა ულტრანაციონალისტური ორგანიზაციები), რომლებიც მაქსიმალურად იყენებენ ქვიარ თემს, რომლის მიმართ, დიახ, არსებობს მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება საზოგადოებაში, და არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს მათი გავლენებისა და ხალხში ლეგიტიმაციის მოპოვებისთვის. ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს ე.წ. პროგრესული ძალები (ევროპული საქართველო, გირჩი, ლიბერალური ენჯეო სექტორი), რომლებიც ცდილობენ თემის ვითომ მხარდაჭერით მოიპოვონ საზოგადოების „ნათელი“ ნაწილის ნდობა. ამ კონტექსტში ფრაიდი სწორედ ამ ორი ჯგუფის ურთიერთდაპირისპირების მარათონად იქცევა, სადაც ორივე თემის ინსტრუმენტალიზებას მოახდენს და სოციალურ კაპიტალს დააგროვებს ამის ხარჯზე. ამ მემარჯვენეობის ორი ფრთის დაპირისპირებაში კი მოყვება თავად ქვიარ თემი და მთლიანად საზოგადოება, რომლის ყურადღება რეალური პრობლემებიდან — ეკონომიკური სიდუხჭირე, მზარდი უთანასწორობა, ჰაერის კატასტროფული დაბინძურება, არადემოკრატიული მმართველობა, სასამართლო სისტემის კრიზისი და ა.შ. — გადაერთვება აღნიშნულ თემაზე, მთელი პოლიტიკური დღისწერიგი იტრიალებს „ნათელი vs. ბნელი“ დისკურსის გარშემო.

გასათვალისწინებელია, რომ ფრაიდს წინ უსწრებს მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარული არჩევნები, სადაც კენჭს იყრის პოლიტიკაში ახალდაბრუნებული, „ულტრამემარჯვენე“, პოლიტიკურად გაბანკროტებული კობა დავითავშილი, რომლის რეიტინგი ამჟამად 1%-ზე ნაკლებია. თუმცა, ამ თემის გააქტიურების ფონზე, ჰომოფობიური კამპანიის წარმოებით მას ეძლევა საშუალება მოიპოვოს ხმები, რასაც სხვანაირად ვერ შეძლებს, ვინაიდან არ გააჩნია არანირი სხვა ეკონომიკური თუ სოციალური პროგრამა. აქვე შეგვიძლია, გავიხსენოთ საინტერესო მოცემულობა, რომ ანტი-გეი გამოსვლებს ბევრად დიდი ხნის ისტორია აქვს: არა ერთხელ ჩატარებულა დემონსტრაცია არარსებული, გამოგონილი „გეი პარადის“ წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ვის აწყობს რეალურად ფრაიდი?

ამას კიდევ ემატება სახელმწიფოსთვის, რომელიც 365 დღის განმავლობაში არანირ ქმედით ღონისძიებას ატარებს ქვიარ ადამიანების და, საერთოდ, მოსახლეობის ცხოვრების, დაცულობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, შუამავლის როლის მინიჭება. წარმოუდგენლად არასწორია, პოლიცია დამცველად გევლინებოდეს, რომელიც სხვა დღეებში რეალურად მჩაგვრელი ინსტიტუციაა, და გყოფდეს საზოგადოების მეორე, ასევე ჩაგრული ნაწილისგან, რომელთან ერთადაც მუშაობ, საჯარო ტრანსპორტში ზიხარ, ერთობი, ქუჩაში დადიხარ და ა.შ. საბოლოოდ, მთავრობა მოირგებს პროევროპული პროგრესული ინსტიტუციის როლს — გადაიქცევა გმირად, რომელიც მარგინალურ ჯგუფს უფლებას აძლევს ქუჩაში გაიაროს; თუმცა, სინამდვილეში, ორივე მხარე, რომლის შორისაც პოლიცია იდგება, მხოლოდ ბევრად უფრო დიდი ძალაუფლებების ინსტრუმენტებია. ეს ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან იმის ნაცვლად, რომ ერთად იბრძოლონ რეალური მტრის — კორუმპირებული, მჩაგვრელი ბიზნეს- და პოლიტიკური ელიტების წინააღმდეგ.

არ შეიძლება არ აღინიშნოს იდეოლოგიური მხარეც (თუმცა ზემოთაღნიშნულიც არაა იდეოლოგიური კრიტიკისგან დაცლილი), ვინაიდან იდეოლოგიური ფენა აბსოლუტურად ყველაფერს აქვს, მით უმეტეს — დემონსტრაციას. ხოლო იმის თქმა, რომ ეს უკანასკნელი არაიდეოლოგიზებულია ნიშნავს იმას, რომ როგორც ყველაფერი „არაიდეოლოგიური“ და „არაპოლიტიკური“ იმდენადაა არსებულ იდეოლოგიურ დღის წერიგში ჩაწერილი და ქცეულია მის ბუნებრივ ნაწილად, რომ ამ იდეოლოგიურ შრეს ვეღარ ვამჩნევთ. ფრაიდი სწორედ ეს შემთხვევაა; ის ბუნებრივად არის ლიბერალური დისკურსის ნაწილი დაწყებული თავად იდენტობის პოლიტიკაზე დაფუძნებული ღერძით და ლოკალურ კონტექსტსში მისი ჩატარებით, დასრულებული იმ მთავარი მესიჯით, რომელიც ინდივიდის აკისრებს პასუხისმგებლობას — გაბედოს, იყოს ამაყი, გამოვიდეს გარეთ და თუ ამას ვერ შეძლებს და დანებდება ე.ი. საკმარისად ძლიერი ვერ აღმოჩნდა. ამავეს მოწმობს შარშანდელი 17 მაისი, როცა იმავე საფრთხეების არსებობის გამო აქცია გაუქმდა, თუმცა ისევ რამდენიმე აქტივისტმა, მათ შორის თბილისის ფრაიდის რამდენიმე ორგანიზატორმა, ზემოთხსენებულ „პროგრესულ“ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, მაინც გადაწყვიტა გამოსვლა. ამ დროს კი სოციალური ქსელებში წაიკითხავდით, როგორ მოძღვრადნენ „პროგრსეული“ ელიტები ქვიარებს ბენჯამინ ფრანკლინის ციტატებით — „ის ვინც თანახმაა, გაცვალოს თავისუფლების თუნდაც მცირე ნაწილი უსაფრთხოებაზე, არ იმსახურებს არც თავისუფლებას, არც უსაფრთხოებას!“.

ქვიარ თემის ერთიანობაზე აპელირებაც გაუგებარი და კატეგორიულად მიუღებელია, ვინაიდან აჩენს პრაიდის არამხარდამჭერი წევრების დამუნათებისა და მათი დემონიზების საფუძველს. ქვიარ თემის ერთიანობა ილუზორული და აბსურდულია. პირადად მე მეტ საერთოს ვიპოვი ჰეტეროსექსუალ სოციალისტ ფემინისტთან, ვიდრე მემარჯვენე-ლიბერალ გეისთან ან ტრანსგენდერთან და მხოლოდ ის, რომ გარკვეულ საერთო ჩაგვრებს ვიზიარებთ, ვერ იქნება ჩვენი გამაერთიანებელი. ვფიქრობ, აუცილებელია შევთანხმდებ მოცემულობაზე, რომ, ერთი მხრივ, არსებობს ლიბერალური ლ.გ.ბ.ტ აქტივიზმი და მეორე მხრივ, მემარცხენე ქვიარ მოძრაობა. აქვე ვიტყოდი, რომ ძალიან უცნაურია სიტყვა ქვიარის აქტიური გამოყენება ფრაიდის მხარდამჭერებისა თუ ორგანიზატორების მიერ, როცა აშკარად ლიბერალური დისკურსის ნაწილი არიან და მემარჯვენე ქვიარები, ალბათ, ქართული პარადოქსია. ვინაიდან ქვიარობა მხოლოდ ქოლგა და/ან სექსუალობისა და გენდერის ქოლგა ტერმინი არაა; მისი პოლიტიკური მხარე წარმოიშვა სწორედ ლიბერალური გეი-გამათავისუფლებელი მოძრაობის კრიტიკის საფუძველზე.

ზემოთაღნიშნული მკვეთრად იდეოლოგიური კრიტიკა რომ გვერდზე გადავდოთ, თბილისის ფრაიდს სხვა პრობლემებიც აქვს. ის, რაც მნიშვნელოვნად განასხვავებს დასავლურ და ადგილობრივ გამოცდილებას არის შემდეგი: აქ აქტივიზმი „ზემოდან ქვემოთ“, არასამთავრობოებიდან მოდის, რომელიც თავის მხრივ ასე თუ ისე დონორების პოლიტიკას ატარებს, ხოლო ევროპასა თუ ამერიკაში პირიქით იყო — ფრაიდი გრასრუთ, ქვემოდან წამოსული მოძრაობით დაიწყო. თბილისის ფრაიდის შემთხვევაშიც ასე მოხდა: რამდენიმე აქტივისტმა ქვიარ ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე გადაწყვიტა, დაეორგანიზებინა და დაენანონსებინა ფრაიდის კვირეული, რომლის შედეგები სწორედ ქვიარ ადამიანებზე გადატყდება. უნდა ითქვას, რომ გასული წლების განმავლობაში მაისის თვეში ყოველთვის იმატებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საქმეები, აქედან გამომდინარე, არის საშიშროება, რომ პრაიდის გამო ასევე გახშირდება არაჰეტერო/არასისნორმატიულ ადამიანებზე თავდასხმები. შესაბამისად, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა და პროტესტი, თუ რატომ იღებს 5-6 ადამიანი საკუთარ თავზე ასეთ გადაწყვეტილებას? რატომ გებულებს ლ.გ.ბ.ტ/ქვიარ თემის პოსტ-ფაქტუმ ამის შესახებ? ამით, ფაქტობრივად, გამოდის, რომ რამდენიმე ადამიანი წყვეტს, როგორ იბრძოლოს მთელმა ქვიარ თემმა, ხოლო, ვისაც არ მოსწონს მათი აზრი, იგი უმნიშვენლოა. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ორგანიზატორები მყარი არგუმენტებით ვერ ხსნიან ფრაიდის, სიამაყის მარშის აუცილებლობას და, ძირითადად, აპელირებენ იმაზე, რომ ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომლის არგამოყენება არ შეიძლება, თუმცა კონკრეტული მიზანი გაუგებარი რჩება. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია, რომ ერთი დღით გარეთ გამოსვლა, მარში და დროებით საჯარო სივრცის დაკავება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არაჰეტერონორმატიული ადამიანების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

ყურადღება უნდა მიექცეს ფრაიდის ვიზუალურ მხარესაც, რომლის სიმბოლოდაც ცისარტყელიანი კინტო აირჩა. ბოლო პერიოდში აღმოჩენილი ფირის გამო კინტო მედიისა და ქვიარ ადამიანების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც მკვლევარი შორენა გაბუნია ნაშრომში „ჰომოსექსუალობა თბილისის ქალაქურ კულტურაში“ წერს: «კინტოებს შორის ჰომოსექსუალობა საკმაოდ გავრცელებული იყო. ხოლო იმჟამინდელი საზოგადოების  მიერ ჰომოსექსუალი კინტოების მიმართ „ტოლერანტობა“ შეიძლება აიხსნას იმით, რომ მაღალი კლასის საზოგადოება სრულიად არ ინტერესებოდა მის მიღმა მყოფთა პრაქტიკებით… მეტიც, ხშირად, კინტოებს იყენებდნენ, როგორც სხეულით მოვაჭრეს.»2 აქედან გამომდინარე, უკვე გასაგებია, როგორი მიმღებლობის სიმბოლოც არის კინტო.

დასასრულს კი ვიტყვი, რომ, ჩემთვის 2019 წლის საქართველოში ფრაიდი უტოპისტურ იდეად რჩება. ფილოსოფოსი ჰერბერტ მარკუზე თავის ესეში „უტოპიის დასასრული“3 გვთავაზობს ტერმინ „უტოპიის“ განსაზღვრებას, რის თანახმადაც, ესაა ინიციატივა, რომლის განსახორციელებლად საზოგადოებაში ჯერ კიდევ არაა საკმარისი და საყოველთაო მზაობა, ხოლო პრაიდის მსგავს აქტივობას სჭირდება „უტოპისტურისთვის მზაობა“, რომელიც, მაგ., არსებობდა 60-იანი წლების ამერიკასა თუ დასავლეთ ევროპაში, რასაც წინ უსწრებდა მთელი რიგი პროცესები, თუმცა ეს მზაობა არ უნდა გავიგოთ, როგორც იმთავითვე მიმღებლობა და თანხმობა. აღნიშნული კი დღევანდელ საქართველოში ნამდვილად არ არსებობს, რის თვალნათლივ საფუძველსაც გვაძლებს 2018 წლის მაისში მიმდინარე მოვლენები. აქედან გამომდინარე, ფრაიდი ვერ იქნება რაიმე სახის სოციალური ცვლილების მომტანი, რადგან არ არსებობს ამის მზაობა, არამედ, პირიქით, ვფიქრობ, არასწორად შერჩეული დროის გამო გააუარესებს ქვიარ ადამიანების მდგომარეობას და მეტად გახლეჩს საზოგადოებას.

 

გიორგი ფცქიალაძე

აღნიშნული მოსაზრება ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების ოფიციალურ პოზიციას თბილისის პრაიდთან დაკავშირებით

 

 



[1] ჰობსბაუმი, ერიკ. 2018. „მემარცხენეობა და იდენტობის პოლიტიკა.“ European.ge. 25 მაისი. წვდომილი 2019 წლის 16 მარტი. http://european.ge/memarcxeneoba-da-identobis-politika-hobsbaumi/.

[2] Габуния, Шорена. 2009. «Гомосексуальность в городской культуре Тбилиси.» ge.boell.org. Дата обращения: 16 Март 2019 г. https://ge.boell.org/sites/default/files/downloads/Shorena_Gabunia_2009.pdf?fbclid=IwAR1FgvLtZVU8Fi0WgP_vi-rpNpIoAtE2uT1l1qilbIa-WxJtbMvPhu97Y0g.

[3] მარკუზე, ჰერბერტ. 2018. „უტოპიის დასასრული.“ მარქსიზმი და რევოლუცია -ში, 11-20. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

 

Join Us