პოლიტიკური პლატფორმა

1. მდგრადი მომავალი

1.1 ახალგაზრდა მწვანეები მივიჩნევთ, რომ თანამედროვე საზოგადოების მხრიდან  ბუნების კომერციალიზაცია არაგონივრულია. საჭიროა ამგვარი მიდგომის  წინააღმდეგ ბრძოლა, რათა ადამიანის ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება  უტოპიურ იდეად არ დარჩეს.
1.2 თანამედროვე მსოფლიოს განვითარების პარადიგმა – ინდუსტრიალიზაცია  ეკოსისტემისთვის საფრთხის შემცველია. მდგრადი განვითარება წარმოუდგენელია  სოცალური უთანასწორობის, ეკონომიკური გლობალიზაციის, კულტურული  ჰომოგენიზაციის, რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკის და სწრაფი  ურბანიზაციის პარალელურად.
1.3 ახალგაზრდა მწვანეები ვგრძნობთ პასუხისმგებლობას გარემოსა და მომავალი  თაობების წინაშე. გამომდინარე აქედან,  როგორც ორგანიზაციული, ისე  საზოგადოებრივი და ინდივიდუალური აქტივობები მიმართული უნდა იყოს  საცხოვრებელი გარემოს დაცვასა და გაუმჯობესებისკენ.
1.4 აუცილებელია ბიომრავალფეროვნების პატივისცემა. ადამიანის მხრიდან  მცენარეებისა და ცხოველების მიმართ ექსპლუატაციური მიდგომა უნდა იქნას  აღმოფხვრილი, მათთან მოპყრობა კი გახდეს მაქსიმალურად ეთიკური.
1.5 ახალგაზრდა მწვანეები მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო პოლიტიკური კურსი უნდა  მოიაზრებდეს წინსვლისა და განვითარების ისეთ სტრატეგიას, რომელიც  ეკოსისტემაზე არ დატოვებს ნეგატიურ კვალს და იქნება კლიმატის ცვლილების  წინააღმდეგ მიმართული.
1.6 სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული განახლებადი ენერგიის  გამოყენების პრაქტიკის დანერგვაზე, რისთვისაც აუცილებელია შექმნას  პირობები  საზოგადოებრივი და ტექნოლოგიური მზაობისთვის.
1.7 ახალგაზრდა მწვანეები მივიჩნევთ, რომ გარემოსდაცვით პრობლემატიკაზე  სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება ქვეყნის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.  ამასთან, უნდა ხდებოდეს ეკო-მეგობრული ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია.

2. სამოქალაქო აქტივიზმი

2.1 საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები სამოქალაქო აქტივიზმს დემოკრატიული  სახელმწიფოს ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად მივიჩნევთ. ვაღიარებთ  სამოქალაქო განათლებისა და საჯარო ცხოვრებაში საკუთარი შესაძლებლობების   გაცნობიერების მნიშვნელოვნებას. მხარს ვუჭერთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში  აქტიურ ჩართულობასა და მოხალისეობრივი აქტივიზმის პოპულარიზაციას.
2.2 ახალგაზრდა მწვანეებს მიგვაჩნია,  რომ სოციო-კულტურული ნორმებით  გამოწვეული და გამყარებული სისტემური და სტრუქტურული იერარქიები უნდა  გაუქმდეს. ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ თვითრეალიზაციის სამართლიანი  პირობები  და საშუალებები. მოქალაქეები წახალისებულნი უნდა იყვნენ, ჩაერთონ  გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებსაც მათ ცხოვრებაზე პირდაპირი გავლენა  აქვს.
2.3 ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის  ფუნდამენტური ნაწილია. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის  მაქსიმალური გასაჯაროება. მედია არ უნდა იყოს მიკერძოებული და უნდა იყოს  თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების  გავლენებისგან. ცენზურა უნდა გაუქმდეს.
2.4 ციფრულ ინფორმაციაზე წვდომა ადამიანის უფლებაა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ციფრული უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა. ინტერნეტი უნდა იყოს უსაფრთხო სივრცე და მისი მოხმარების წინაპირობას არ უნდა წარმოადგენდეს პოლიტიკური თუ კორპორაციული ინტერესები.
2.5 საქართველოში მცხოვრებ ყველა პიროვნებას უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის  საჯაროდ გამოხატვის სრული შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, მანიფესტაციის უფლება უნდა შეიზღუდოს მაშინ, როცა იგი შეიცავს მუქარას ან მიზნად ისახავს სხვის შევიწროვებას.

3. საზოგადოებრივი პოლიტიკა და მშვიდობა

3.1 ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს მშვიდობისა და არაძალადობის პრინციპებს.
3.2 ახალგაზრდა მწვანეები ვეწინააღმდეგებით სახელმწიფოს მიერ შიდა უსაფრთხოების ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასიურად დარღვევის სარჩულად გამოყენებას. მიყურადება, თვალთვალი და პირადი ცხოვრების ხელყოფა დაუშვებელია.
3.3 თავდაცვითი სტრუქტურების გაძლიერება არ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო პრიორიტეტს და რესურსები მიმართული უნდა იქნას ეკონომიკურად და სოციალურად თანასწორი საზოგადოების შექმნისკენ.
3.4 სახელმწიფო არ უნდა ისწრაფვოდეს ტრანსსახელმწიფოებრივ სამხედრო ინსტიტუციებში გაერთიანებისკენ და იგი უარს უნდა ამბობდეს ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში ჩართვაზე.

4. სოციალური სამართლიანობა

4.1 საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები მივიჩნევთ, რომ ადამიანის  ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული უფლებები ისეთივე მნიშვნელოვანია,  როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. დღევანდელი ეკონომიკური სისტემა  კი სოციალურ უთანასწორობაზე, მომხმარებლურ კულტურასა და უპასუხისმგებლო  ფინანსურ ზრდაზე არის დამყარებული.  ამ რეალობასთან ბრძოლით ჩვენ უკეთესი  გარემოსაკენ ვისწრაფვით – სადაც დომინანტი ჯგუფები არ განსაზღვრავენ  სხვების უფლებების რეალიზაციის პირობებს.
4.2 ახალგაზრდა მწვანეები ვუერთდებით ბრძოლას ისეთი ეკონომიკისთვის,   რომელიც აღმოფხვრის კაპიტალისტური სისტემის მიერ გამყარებულ კლასობრივ  უთანსწორობასა და ჩაგვრას. ბოლოს მოუღებს მსხვილი კორპორაციების  მანიპულაციასა და მათ გავლენას მსოფლიო, განსაკუთრებით კი – განვითარებადი  ქვეყნების ეკონომიკასა და ცხოვრების ხარისხზე.
4.3 ყველა მოქალაქეს  უნდა მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვაზე, განათლებასა და  ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო უფლების რეალიზების საშუალებებზე.   ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს  რესურსების სამართლიან გადანაწილებას და არ დააკმაყოფილებს  მხოლოდ  ერთეულების სურვილებს, განსაკუთრებით შრომით ბაზარზე.
4.4 სოციალური სამართლიანობა უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივი სოლიდარობისა და აქტიური თანამონაწილეობის პრინციპს.

5 თანასწორობა

5.1 თანამედროვე საზოგადოება პატრიარქალურ ღირებულებათა სისტემაზეა  დამყარებული, რაც გარკვეული ჯგუფების დომინირებასა და საზოგადოების  პოლარიზაციას იწვევს. შესაბამისად,  „სხვებად“ მიჩნეულ ადამიანებს  ფუნდამენტურ უფლებებს ართმევს.
5.2 ჩვენი უმთავრესი პრინციპია ადამიანების თანასწორობა მიუხედავად მათი სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, დამატებითი საჭიროებების, ასაკის, მრწამსის, რასობრივი თუ ეთნიკური კუთვნილებისა.
5.3 ახალგაზრდა მწვანეები თავს ფემინისტური მოძრაობის ნაწილად მივიჩნევთ  და მიზნად ქალების ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და პერსონალურ  ემანსიპაციაში აქტიურ მონაწილეობას ვისახავთ. ქალთა მიმართ ფსიქოლოგიური,  ვერბალური, ფიზიკური, ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ  ბრძოლა უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი.
5.4 ახალგაზრდა მწვანეები ვეწინააღმდეგებით უფლებების  ჰეტერონორმატიული  წესრიგის მიხედვით გადანაწილებას  და ჩვენს პასუხისმგებლობად მივიჩნევთ  ლგბტიქ ადამიანების ადვოკატირებას. საქართველოში მცხოვრებ პიროვნებებს  თავისუფლად უნდა შეეძლოთ აირჩიონ და გამოხატონ საკუთარი გენდერული და  სექსუალური იდენტობა თუ სექსუალური ქცევა.
5.5 ახალგაზრდა მწვანეები ვიბრძვით სექსიზმის, რასიზმის, ეიჯიზმის, ეიბლიზმის, ჰომოფობიის, ტრანსფობიის, ქსენოფობიის და კლასობრივი ექსპლუატაციის წინააღმდეგ.